Friday, January 7, 2011

საინფორმაციო ომი ბირთვულ ომზე საშიში ხდება
21- საუკუნემ მაღალ ხარისხში აყვანილი ტექნოლოგიური ცვლილებები მოიტანა. აქედან გამომდინარე არც არის გასაკვირი, თუ ოდითგანვე ნაცადი საომარი მოქმედებები და საშუალებები .. "საინფორმაციო ომმა" ჩაანაცვლა. თუმცა ძნელი სათქმელია ჩვენს ეპოქაში, როცა ასე გახშირდა რადიოს, პრესის, ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღება და გავრცელება, თავად "ინფორმაციამ" საზოგადოებისთვის საშიში იარაღის სახე როდის მიიღო. როგორც ცნობილია, ტერმინი "საინფორმაციო ომი" თავდაპირველად 1976 წელს ტომას რონმა კომპანია Boeing-თვის გაკეთებულ მოხსენებაში გამოიყენა. აღნიშნულ მოხსენებაში ავტორმა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად საინფორმაციო ინფრასტრუქტურა დაასახელა. ამავადროულად ტომას რონმა ქვეყნის, როგორც მშვიდობიანი, ისე საომარი მოქმედებების დროს ინფორმაციის საკვანძო მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჯერჯერობით ტერმინის "საინფორმაციო ომის" ზუსტი დეფინიცირება არ არსებობს, მაგრამ იგი საკუთარი საინფორმაციო სისტემის დაცვასა და  მოწინააღმდეგე მხარისადმი კომპლექსურ მიზანმიმართულ დამანგრეველ ინფორმაციულ ზემოქმედებას აღნიშნავს. საინფორმაციო ომში ასევე საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა მოისაზრება. მსოფლიო საინფორმაციო ველში იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის ყველაზე აქტიურად მიზანმიმართული ინფორმაცია და დეზინფორმაცია გამოიყენება.
რაც შეეხება საინფორმაციო ომის თეორიას, რომლის ფორმალიზაცია სულ რაღაც სამი-ოთხი ათეული წლის წინ მოხდა, მას უკვე გააჩნია ფართო გამოყენებითი მნიშვნელობა. აღნიშნულ თეორიას მრავალი ქვეყნის საინფორმაციო უსაფრთხოების შემუშავებისას აქტიურად ითვალისწინებენ. თავდაპირველად საპრეზიდენტო კომისია .. კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ამერიკაში შეიქმნა. მოგვიანებით აღნიშნული კომისიის დასკვნის საფუძველზე პრეზიდენტის სამოცდამესამე დირექტივა შემუშავდა, რომელიც 1998 წელს საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამთავრობო პოლიტიკის საფუძველი გახდა. წამყვანმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო ომის ვიწრო სპეციალისტების მომზადება. ამერიკაში, თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში მოქმედებს საინფორმაციო ომის და სტრატეგიის სკოლა. კალიფორნიის საზღვაო სკოლაში საინფორმაციო ომის ჯგუფს უკითხავენ ლექციების კურსს საინფორმაციო ომის პრინციპების, ფსიქოლოგიური ოპერაციების, საინფორმაციო ომის დაგეგმარებისა და შეფასების შესახებ. მოგვიანებით აღნიშნული მიმართულებით რუსეთი ამოქმედდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო პროპაგანდისტულ ქსელს ქმნის, რომელიც სხვა ამოცანებთან ერთად ჰაკერულ შეტევებს მოამზადებს მოწინააღმდეგის მედია-რესურსებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება იყო პასუხი რუსეთის დავალებაზე მოამზადონ წინადადებები იმ სპეციალისტების და ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, რომლებიც შესძლებენ უთანამედროვესი ტექნოლოგიებით  საინფორმაციო ომი აწარმოონ. რუსეთში ზოგიერთი წყაროს მიხედვით, საინფორმაციო პროპაგანდისტული ცენტრის ამოცანები მოწინააღმდეგის დათრგუნვა, მათი საინფორმაციო კავშირების მოშლა, საკუთარი საინფორმაციო სისტემის შენარჩუნება, საინფორმაციო და სადეზინფორმაციო ნაწილების შექმნა და საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენაა როგორც კონფლიქტამდე, ასევე შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას.  ჩინეთში სამხედრო სპეციალისტებმა  საინფორმაციო ომის მნიშვნელობის ფორმირება უკვე მოახდინეს. ეს ქვეყანა სამხედრო ტექნოლოგიური რევოლუციის მედროშე გახლავთ, რაც კიბერუსაფრთხოების სისტემის შემუშავებით გამოიხატება. საინფორმაციო ომმა ჩინეთში უნიკალური კონცეფცია შეიძინა. იგი განისაზღვრება როგორც "გადასვლა მექანიზირებული ომიდან ინტელექტუალურ ომზე". შედეგად ჩინეთმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრების გაძლიერებაზე და მაღალი კლასის კომპიუტერული ექსპერტების ჩამოყალიბებაზე იზრუნა. ბრიტანული წარმოდგენა საინფორმაციო ომზე ამერიკის შეერთებული შტატების განსაზღვრებას ემთხვევა. იგი განისაზღვრება როგორც მოწინააღმდეგის საინფორმაციო სისტემაზე კომპლექსური ზემოქმედება საკუთარი სისტემის დაცვით. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი ეყრდნობა მოქმედ კანონმდებლობაზე დაფუძნებულ იურიდიულ სტრუქტურას, რომლის საფუძველზე ინფორმაციულ სისტემაზე თავდასხმა განიხილება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ეს კი დიდი ბრიტანეთის მთავრობას ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფო მოხელეთა სხვადასხვა პირადი ფაილებისა და ელექტრონული ფოსტის გაკონტროლების საშუალებას აძლევს.  საინფორმაციო ომის გერმანული განსაზღვრება გარკვეულ წილად ემთხვევა მის ამერიკულ და ბრიტანულ მნიშვნელობას. იგი ნაციონალური მიზნების დასაცავად საინფორმაციო ომის წამოწყებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებდა. ამასთანავე, გერმანია ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით მასობრივ ინფორმაციას საინფორმაციო ომის ერთ-ერთ ელემენტად მიიჩნევს. ასევე ქვეყანაში მწვავედ დგას ეკონომიკური საინფორმაციო ომის წარმოების საკითხი, რადგან გერმანიის ხელისუფალთ ერთ-ერთ მთავარ დარტყმად ეკონომიკური დანაკარგები მიაჩნიათ. ფრანგები გერმანელების მსგავსად საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ეკონომიკას მოიაზრებენ. საომარი კონცეფციები კი მკვეთრად შეზღუდული საინფორმაციო ოპერაციებით გამიხატება.  ფრანგებს საინფორმაციო ომის ეკონომიკური სკოლებიც კი გააჩნიათ. ქვეყანაში მოქალაქეების ინტერნეტ-სივრცე აქტიურად კონტროლდება. როგორც ცნობილია, არსებობს საინფორმაციო ომის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტრატეგია, მაგრამ იგი დახურულ წრეებში მოქმედებს და მედიისთვის ხელმისაწვდომი არ არის.  გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო საინფორმაციო რესურსები ხშირად ხდება კიბერთავდასხმის ობიექტი, სახელმწიფომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს. გასულ წელს საქართველოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და მათემატიკური მოდელირების მიმართულების პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ საქართველოში "ენ-ტე-ვეს" კორესპონდენტთან, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტთან, ნუგზარ კერესელიძესთან ერთად საინფორმაციო ომის მათემატიკური მოდელი შეიმუშავა. მოდელირება ნიშნავს გარკვეული პროცესის სქემატურ აღწერას, რომელიც მოვლენის ძირითადი კანონზომიერებების და რიცხვითი მახასიათებლების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. საინფორმაციო ომის მოდელირებაში იგულისხმება პროცესის მათემატიკური მოდელირება, რომელიც ექვემდებარება მათემატიკურ აღწერას ფორმულებისა და მოდულების გამოყენებით. უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო ომის ამგვარი მათემატიკური მოდელირება ჯერჯერობით არცერთ განვითარებულ ქვეყანას არ მოეპოვება, თუმცა ინფორმაციის ნაკადის მათემატიკური სიზუსტით კვლევა არაერთი მეცნიერის დაინტერესებას წარმოადგენს.  საინფორმაციო ომის მათემატიკური მოდელირების ავტორთან, თემურ ჩილაჩავასთან საუბრისას გაირკვა, რომ მათემატიკური მოდელირების შექმნა მიზნად ისახავდა საინფორმაციო ნაკადების შესწავლას და ფორმულების საშუალებით საინფორმაციო ომის კვლევასა და მოსალოდნელი შედეგების წინასწარგანჭვრეტას. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დაზუსტდეს, თუ რა მიზანმიმართულ მოქმედებებს მოიცავს საინფორმაციო ომი. ესენია: მოწინააღმდეგის იმიჯის შელახვა, მისგან მტრის ხატის შექმნა, ქვეყნის ხელისუფალთა დისკრედიტაცია, მოწინააღმდეგე ქვეყნის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დემორალიზაცია, მომავალში შესაძლო საბრძოლო მოქმედების გამართლებისა და არგუმენტაციისათვის ქვეყნის შიგნით და მის გარეთ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.საინფორმაციო ომის ქართული მათემატიკური მოდელი საშუალებას იძლევა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საინფორმაციო ნაკადების რაოდენობა და თვისებები მესამე მხარის გათვალისწინებით განისაზღვროს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენს. მათემატიკურმა მოდელმა აჩვენა, რომ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია ორ ანტაგონისტურ სახელმწიფოს შორის საინფორმაციო ომის შეჩერება, რათა შემდგომში მოვლენები ცხელ ფაზაში, ანუ საბრძოლო ვითარებაში არ გადაიზარდოს. საინფორმაციო ომის მათემატიკური მოდელის კოეფიციენტებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საეთაშორისო ორგანიზაციები ომის ცხელ ფაზაში გადაზრდის საშიშროებამდე შეიმუშავებენ პრევენციულ ზომებს, გააკეთებენ დამამშვიდებელ განცხადებებს, შესაძლებელია შეიარაღებული დაპირისპირების აღკვეთა.  აღნიშნული კოეფიციენტის დასადგენად მათემატიკური მოდელის ავტორებმა განიხილეს შემდეგი სამი შემთხვევა: დაპირისპირებული მხარეები მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევისა, აგრძელებენ საინფორმაციო შეტევების განხორციელებას. ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარე დამამშვიდებელი განცხადებების შედეგად წყვეტს საინფორმაციო თავდასხმას, მეორე მხარე კი - აძლიერებს მოქმედებას. ორივე დაპირისპირებული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის შედეგად წყვეტს საინფორმაციო თავდასხმებს.პირველ შემთხვევაში პროცესის ცხელ ფაზაში გადასვლა გარდაუვალია, მეორე შემთხვევაში შესაძლებელია საბრძოლო დაპირისპირების  ჩახშობა, ხოლო მესამე შემთხვევაში საშიშროება თითქმის არ არსებობს. საინფორმაციო ომის მათემატიკური მოდელის შექმნას თეორიული ინტერესების გარდა პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია დაკვირვებისა და მოვლენების გაანალიზების შედეგად საინფორმაციო ომის ადრეულ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარის განზრახვების დადგენა და მოსალოდნელი დაპირისპირების ჩახშობა. ასევე აღნიშნული სისტემის საფუძველზე ნებისმიერი საინფორმაციო ომის შეწყვეტა არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ჩაერევა საერთაშორისო ორგანიზაციები და ოპერატიულად იქნება მიღებული აღმკვეთი ზომები. მესამე მშვიდობიანი მხარის მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა უნდა ეფუძნებოდეს იმ რეკომენდაციებსა და მათემატიკურ ანალიზს, რასაც საინფორმაციო ომის მათემატიკური მოდელი იძლევა.

No comments:

Post a Comment